სექტემბერი 9, 2019

რკინიგზის ინსტრუქტორების ტრენინგი

რკინიგზის ინსტრუქტორების ტრენინგი

    დღეს, 2019 წლის 9 სექტემბერს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიხსნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგი, რომელსაც წარუძღვებიან  DB  Training, Learning &Consulting-ის დუალური სწავლების მეთოდოლოგიის გამოცდილი ტრენერები.

   ღონისძიების გახსნას კოლეჯის კოლექტივთან და DB  Training, Learning &Consulting-იდან მოწვეულ ტრენერებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს დუალური სწავლებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგის ორგანიზება.

  სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი  ახორციელებს სარკინიგზო ინდუსტრიის 8 დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. სწორედ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხიანად წარმართვისთვის დაიგეგმა და ხორციელდება  მენტორ-ინსტრუქტორების გადამზადება, რომლებიც ამ პროექტისთვის სს საქართველოს რკინიგზამ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩია.  ღონისძიების ფარგლებში სულ 40 პროფესიონალი პირი გადამზადდება. ისინი გაუძღვებიან როგორც პროფესიული სტუდენტების პრაქტიკულ კომპონენტს სს საქართველოს რკინიგზის საწარმოებში, აგრეთვე მომავალში საჭიროების მიხედვით გადაამზადებენ ინსტრუქტორთა ახალ ნაკადს. ტრენერები გადაემზადებიან 2 ნაკადად. პირველი ნაკადი ჩატარდება 2019 წლის 9-16 სექტემბერს, ხოლო მეორე - 2019 წლის 23-დან 27 სექტემბრამდე.

  2019 წლის 27 სექტემბერს  შეჯამდება DB  Training, Learning &Consulting-ის მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგის შედეგები, რომელიც ჩატარდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შეხვედრების ოთახში 17 საათზე, იქნება საჯარო და, შესაბამისად,  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით განხორციელების აუცილებელი პირობაა, ხარისხიანად წარიმართოს პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი. კოლეჯის ფუნქციაა, სს საქართველოს რკინიგზა მოამარაგოს პროფესიონალი კადრებით. სს საქართველოს რკინიგზა და კოლეჯი პერმანენტულად განიხილავენ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს და ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა წარმოებაში დასაქმებული პირების მენტორ-ინსტრუქტორებად გადამზადება დუალურ სწავლებაში, რომლის განხორციელებაც დღეს დაიწყო.

     შემდგომ მნიშვნელოვან ეტაპად ისინი მიიჩნევენ საკვალიფიკაციო გამოცდების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას, რისთვისაც გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას,  მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და გერმანიის რკინიგზასთან, რათა გაზიარდეს გერმანული პროფესიული განათლების წარმატებული პრაქტიკა და შემუშავდეს საკვალიფიკაციო გამოცდების  ჩატარების წესი, კომისიის შემადგენლობა და გამოცდების ეფექტური სქემები.

ფოტოები