ივლისი 28, 2026

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

2026 წლის 28 ივლისს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების - ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის (Nanjing Vocational Institute of Railway Technology - NIRT) დელეგაციას. ვიზიტს ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის კანცლერი ხე სინგჩუ (He Xingchu), ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, აკადემიური საქმიანობისა და სარკინიგზო მიმართულებების ხელმძღვანელი პირები, ისე სხვა აკადემიური პერსონალი.

ვიზიტი წარმოადგენდა 2025 წელს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დაწყებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას და მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და სარკინიგზო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

დელეგაციამ მოინახულა სს „საქართველოს რკინიგზა“ და ადგილზე გაეცნო კომპანიის ინფრასტრუქტურას, ტექნიკური მიმართულებით მიმდინარე საქმიანობასა და სარკინიგზო სექტორის განვითარების ხედვას.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გამართულ ოფიციალურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს რკინიგზის ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი ნათია ქირია, მარკეტინგული ანალიზისა და გაყიდვების სამსახურის უფროსი შოთა ჯინჭარაძე, სატვირთო ფილიალის დირექტორის მოადგილე მიხეილ გრიგორაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა საკუთარი განვითარების ისტორია, ძირითადი მიღწევები და სამომავლო განვითარების ხედვა. ვიზიტის დასასრულს დელეგაციამ დაათვალიერა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის თანამედროვე სასწავლო ბაზა, ლაბორატორიები და პრაქტიკული სწავლების სივრცეები.

ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინტერესი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. აღინიშნა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და სარკინიგზო დარგისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია და მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის განვითარებას.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და სარკინიგზო პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის: პრაქტიკული გამოცდილებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესში, სასწავლო რესურსების განვითარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელებაზე. ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობების გაფართოებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლებისა და ინდუსტრიის მჭიდრო კავშირის გაძლიერებაზე.

აღნიშნული ვიზიტი პროფესიული განათლების სფეროში საქართველო-ჩინეთის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან პარტნიორობას, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული განათლების საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებასა და სარკინიგზო დარგისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს სარკინიგზო სექტორისა და პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას.

https://www.facebook.com/share/p/197rgug15B/

https://www.facebook.com/share/p/1GtrSayMky/

https://www.facebook.com/share/v/1MFqWoYs5J/

https://www.facebook.com/share/v/1DJjgh1ctk/

https://www.facebook.com/share/v/19CxJHLud3/?mibextid=wwXIfr

 

 


ფოტოები