მაისი 14, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების სტატუსის მოსაპოვებლად ემზადება

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების სტატუსის მოსაპოვებლად ემზადება

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ემზადება სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მოსაპოვებლად.

კოლეჯის მისიაა სარკინიგზო ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება, ასევე პირების პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, სტატუსის მოპოვების შემდეგ, კოლეჯი დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესთავაზებს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის სფეროში სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს ცოდნას სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასა და დახარისხებასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პასუხისმგებლობების შესახებ.

სტატუსის მოსაპოვებლად მიმდინარე მზადების ფარგლებში, სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლებთან თემაზე – „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები“.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საქართველოს სარკინიგზო კოდექსსა და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესში“ განხორციელებული ცვლილებები. აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია სარკინიგზო სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვა. ასევე, განხილულ იქნა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ხუთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც აღნიშნულ სფეროს არეგულირებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ საკანონმდებლო მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან, 2027 წლის 1 იანვრიდან ევალებათ ჰყავდეთ მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი.

სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სპეციალისტის ფუნქციები, უფლებამოსილებები, სერტიფიცირების პროცედურები, აგრეთვე იმ სუბიექტთა წრე და გამონაკლისები, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება.

შეხვედრის ფარგლებში ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა, მისი მიზნები, შინაარსი და სწავლების ორგანიზების პრინციპები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების 120-მდე წარმომადგენელმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული მიმართულების მნიშვნელობასა და სექტორის მაღალ ინტერესს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის მიმართ.


ფოტოები